Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში საკის აეროდრომს, სავარაუდოდ, ATACMS-ის რაკეტებით შეუტიეს. მოსკოვი კვლავ დუმს


საილუსტრაციო ფოტო. ნოვოფედოროვკის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზის კომბინირებული სატელიტური გამოსახულება
საილუსტრაციო ფოტო. ნოვოფედოროვკის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზის კომბინირებული სატელიტური გამოსახულება

26 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქების ხმა ისმოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარაკეტო განგაში გამოაცხადა, მაგრამ დაახლოებით ექვს წუთში სარაკეტო იერიშის საფრთხე მოიხსნა.

ამასთან, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი „სუსპილნე“ ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებები მოხდა ქალაქებში ევპატორიასა და საკიში, სადაც აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბინებში „ფანჯრებს ზანზარი გაუდიოდა“.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები, სავარაუდოდ, ისმოდა სოფელ ნოვოფედოროვკის მახლობლად მდებარე საკის სამხედრო აეროდრომზე. საიტი „კრიმსკი ვეტერი“ ამტკიცებს, რომ სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე განადგურდა საბრძოლო მასალების საწყობი. ამის შემდეგ ობიექტზე გაჩნდა ხანძარი და გარკვეული დროის განმავლობაში გაისმა არანაკლებ 13 აფეთქების ხმა. "კრიმსკი ვეტერმა" ცნობას აფეთქების ამსახველი სავარაუდო ფოტოც დაურთო.

გარდა ამისა, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, ATACMS-ის კიდევ ერთი რაკეტა საკის რაიონის სოფელ შელკოვიჩნოედან ხუთი კილომეტრის დაშორებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილზე ჩავარდა.

იერიშის შედეგად განადგურა რუსეთის არმიის რადიოსალოკაციო სადგური. ტელეგრამის არხის წყაროების თანახმად, წუხელ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმს ჯამში ATACMS-ის ოთხი რაკეტით შეუტიეს. ორი მათგანი რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჰაერშივე ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ანექსირებულ ყირიმზე თავდასხმაზე, წინა შემთხვევების მსგავსად, კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG