„აკუსტიკა“ არის მუსიკალური პროექტი, რომელშიც ცნობილი სიმღერები გათანამედროვებული ვერსიებით ჟღერდება. Youtube-ზე ვიდეორგოლები მილიონობით ნახვას აგროვებს.
„9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით.
სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ. გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა“, - წერს მებო ნუცუბიძე ფეისბუკში.
მებო ნუცუბიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ "რუსულ კანონად" მიჩნეული „აგენტების კანონის“ მიღებას.
„ხომ ხედავ, შე კაი ადამიანო, არ უნდა ამ ხალხს ეგ შენი კანონი. გინდა რუსული ეძახე, გინდა ფრანციცული, გინდა - ნემეცური. სახელს რა არსებითი მნიშვნელობა აქვს?!.
არ უნდა ხალხს და მორჩა. ხალხია მთავარი. ხალხი წყვეტს ყველაფერს, ხალხი. დროზე გაიგეთ და მოეშვით რა. დროს ნუ გვაკარგვინებთ“, - წერდა მებო ნუცუბიძე ფეისბუკში 2024 წლის აპრილში, როცა მმართველმა პარტიამ ხელახლა დააინიციირა „აგენტების კანონი“.
უცნობია, რატომ მიიღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში ეს გადაწყვეტილება. კითხვაზე პასუხის მისაღებად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მაუწყებლის დირექტორის მოადგილესა და პრესსამსახურის თანამშრომელს. მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ფორუმი