Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი ივანიშვილზე ტერაქტის მომზადების საქმეზე: მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა - ტერორისტული აქტი


დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს მმართველის პარტიის, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეს.

პესკოვმა თქვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა, ტერაქტი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მოქმედ პოლიტიკოსს.

„მე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ დეტალები არ ვიცი. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ მკვლელობის მცდელობას და მიუღებლად მიგვაჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა - ტერორისტული აქტი, მით უმეტეს, მოქმედ პოლიტიკოსზე - პოლიტიკური ზეწოლის ასეთი უკანონო, ძალისმიერი მეთოდების დანერგვა. მაგრამ დეტალები არ ვიცი, ამიტომ მეტის თქმა არ შემიძლია“, - პესკოვის კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

24 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი პირების, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რამდენიმე დღეა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაკითხვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG