უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის „გარკვეულ ეტაპზე“, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ეს ეტაპი დადგება მაშინ, როდესაც რუსეთი მზად იქნება, კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკებები, მაგრამ ახლა ასეთი მზაობა რუსეთის მხარეს არ შეიმჩნევა, ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პუბლიკაციაში.
მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ მათ შეხვედრაზე კულებამ გამოაცხადა კიევის მზადყოფნაზე „რუსეთთან დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის“. „მიუხედავად იმისა, რომ პირობები და დრო ჯერ არ დამდგარა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობის ხელშეწყობის ყველა მცდელობას და მზად ვართ, გავაგრძელოთ ამაში კონსტრუქციული როლის თამაში“, - თქვა ვან იმ.
Reuters-ის ცნობით, ჩინეთისა და უკრაინის მინისტრებს შორის მოლაპარაკებები დაგეგმილზე უფრო ხანგრძლივი იყო, ის სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ეს ჩინეთში კულებას პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
მაისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ჩავიდა და მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. შეხვედრის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. სხვა საკითხებთან ერთად მასში ნათქვამია, რომ ჩინეთი და რუსეთი „აღნიშნავენ, რომ აუცილებელია შეჩერდეს ყოველგვარი ნაბიჯები, რომლებიც ხელს უწყობს საომარი მოქმედებების გახანგრძლივებას და კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას“ უკრაინაში, ასევე „გამოდიან მოწოდებით, თავიდან იქნეს აცილებული მისი გადასვლა უკონტროლო ფაზაში“. ასევე აღინიშნა დიალოგის მნიშვნელობა, როგორც უკრაინის კრიზისის მოგვარების ოპტიმალური ფორმა.
პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ომის საკითხში „ნეიტრალურ პოზიციას“ ინარჩუნებს. ჩინეთის ხელისუფლება არ კიცხავს რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის და დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს „კონფლიქტის პროვოცირებაში“, მაგრამ ყირიმსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებს არ ცნობს რუსეთის ნაწილად.
ფორუმი