ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების შეჩერებაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე მიუთითებს და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევაზე სვამს აქცენტს.
„დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, ამჯერად უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი.
მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი“, - თქვა მსხილაძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა:
„პირველი, თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ;
მეორე, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა;
მესამე, ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის“.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს. ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს ამ საკითხზე სათანადო რეაგირებისკენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. მას საფუძვლად დაედო კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება.
ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება 15 ივლისს გამოსცა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ამოეწურა. კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდნენ:
- გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე;
- დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი;
- მანუჩარ კაკოჩაშვილი - ადვოკატი;
- კახა წიქარიშვილი - დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი;
- თამარ ალფაიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ამ ხუთი კანდიდატიდან რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მათ შორის წიქარიშვილი გამოარჩია.
ფორუმი