მომხდართან დაკავშირებით მეტი დეტალების გასაგებად რადიო თავისუფლება გიორგი მოდებაძეს დაუკავშირდა. ის ამ ეტაპისთვის კომენტარს არ აკეთებს.
19 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში ბაიკერი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი პატრულის მანქანას ყაზბეგის გამზირზე, ასათიანის ქუჩის კვეთასთან მაშინ შეეჯახა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა ბაიკერს გზა ჩაუკეტა. დაღუპული 19 წლის რევი დემეტრაშვილია.
ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ყაზბეგის გამზირზე ვიდეოგადაღება დაიწყო ერთ-ერთმა თვითმხილველმა გიორგი მოდებაძემ.
მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას, როცა მას პოლიციელები უახლოვდებიან. სწორედ ამ დროს წყდება ვიდეოგადაღება. შესაბამისად, არ არსებობს გიორგი მოდებაძესა და პოლიციელებს შორის კომუნიკაციის ამსახველი კადრები.
19 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). იმავე დღეს პროკურატურამ 19 წლის ბაიკერის დაღუპვის საქმეზე პოლიციელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ვერსიით, „19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რევი დემეტრაშვილი მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“.
პროკურატურის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
დაკავებულისთვის ბრალდების წარდგენა, სავარაუდოდ, 20 ივლისს იგეგმება.
ფორუმი