Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს პოლიციელი, რომლის მანქანაზე შეჯახებითაც ბაიკერი დაიღუპა


კადრი თვითმხილველ გიორგი მოდებაძის მიერ გადაღებული ვიდეოდან. 19 ივლისი, 2024 წელი
კადრი თვითმხილველ გიორგი მოდებაძის მიერ გადაღებული ვიდეოდან. 19 ივლისი, 2024 წელი

19 წლის ბაიკერის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ პოლიციელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შემთხვევა თბილისში, ყაზბეგისა და ასათიანის ქუჩის კვეთასთან 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 19 წლის რევი დემეტრაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა მოტოციკლს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს კი მისი შეჩერება სურდათ.

პოლიციის მოთხოვნას ბაიკერი არ დაემორჩილა და გააგრძელა გადაადგილება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით. სწორედ ამ დროს დაეჯახა ის საპატრულო პოლიციის მანქანას, რომელსაც პოლიციელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მართავდა.

შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველია გიორგი მოდებაძე, რომელმაც მოტოციკლის საპატრულო პოლიციის მანქანაზე შეჯახების შემდეგ ვიდეოგადაღება დაიწყო. ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, მათი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.

მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ის შემთხვევის ადგილთან ახლოს, რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას. ამ დროს მას პოლიციელები უახლოვდებიან და მოულოდნელად წყდება ვიდეოგადაღება. შესაბამისად, არ არსებობს გიორგი მოდებაძესა და პოლიციელებს შორის კომუნიკაციის ამსახველი კადრები.

როგორც წესი, ავტოსაგზაო შემთხვევებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ამ შემთხვევაში კი გამოძიება დაიწყო საქართველოს პროკურატურამ, რაც მიანიშნებდა, რომ საქმეში იკვეთებოდა პოლიციელის ბრალეულობის საკითხი. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG