ცხინვალში კვირას სროლა იყო. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ნათესავებს ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევა თბილისის დროით შუადღეს მოხდა მე-12 სკოლის წინ. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ე.წ. ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის დისშვილებს, სერგო და ლევ კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობდა ე.წ. პრეზიდენტის (ალან გაგლოევის) ძმა ალიკ გაგლოევიც.
ორივე ძმა კაბისოვი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილობრივი მედია ამ ფაქტზე დიდხანს დუმდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია საჯარო გვერდებზე გამოჩნდა, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის ოფიციალურ პრესაშიც დაიბეჭდა.
ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტის ყველა გარემოების დასადგენად. ალან გაგლოევმა დაავალა სეპარატისტულ სტრუქტურებს, რაც შეიძლება მალე გამოავლინონ და მართლმსაჯულებას წარუდგინოს სროლაში მონაწილე პირები.
ფორუმი