შეერთებული შტატების წინასაარჩევნო კამპანიისას პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე, თავდასხმას პენსილვანიის შტატში ამომრჩეველთან შეხვედრისას, "ქართული ოცნების" წევრები არარსებულ "გლობალური ომის პარტიასთან" აკავშირებენ.
"გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს", - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ ფეისბუკის გვერდზე. ქართულ ენაზე გამოქვეყნებული მისი ეს განცხადება განსხვავდება სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებული ტექსტისგან, რომელშიც გლობალური ომის პარტია ნახსენები არ არის.
"ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!" - ესაა იმ ტექსტის ქართული თარგმანი, რომელიც კობახიძის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე.
კობახიძემდე "გლობალური ომის პარტია" ტრამპთან კონტექსტში ახსენა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
"პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა.
საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…" - წერს დეპუტატი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
პოლიტიკოსების განცხადებების გარდა, "გლობალური ომის პარტიას" ახსენებენ პროპაგანდისტებიც ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილ მედიასაშუალებებში. ისინი იხსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმასაც და ცდილობენ, კავშირი დაინახონ ამ ორ მოვლენას შორის - ასევე, ახსენებენ საზოგადოებას, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამგვარი მოულოდნელობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ახერხებს "მშვიდობის შენარჩუნებას" ქვეყანაში. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის კონტექსტში "გლობალური ომის პარტია" ირაკლი კობახიძესაც ჰყავს ნახსენები.
13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა, მას ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ტრამპი სახის არეში მსუბუქად დაიჭრა. დაიღუპა ექსპრეზიდენტის ერთი მხარდამჭერი, ორი დაიჭრა. მოკლულია თავად თავდამსხმელიც, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელიც ამავე შტატში ცხოვრობდა.
ბოლო ორ წელიწადში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერების ყოველი გადაწყვეტილება და საჯარო განცხადება მიჰყვება „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულების თეორიას.
ის იმეორებს დასავლეთსა და რუსეთში არსებულ შეთქმულების თეორიებს „გავლენიანი ოჯახების“ მიერ მსოფლიოს მმართველობის შესახებ.
შეთქმულების თეორია აშშ-სა და ევროკავშირს „გლობალური ომის პარტიის“ მარიონეტად მიიჩნევს, ხოლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის თავდასხმით ომებს 2008, 2014 და 2022 წლებში, „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ინსპირირებულად ხატავს.
ამ თეორიის მიხედვით, რუსეთის ქმედებები და სამხედრო დანაშაულები „გლობალური ომის პარტიის“ ბოროტი, ფარული მიზნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, რაც რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის ძირითად ხაზს, „კოლექტიურ დასავლეთთან დაპირისპირების“ თეორიას იმეორებს.
ფორუმი