Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩიაშვილის განცხადებით, გაუგებარია ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება


ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ევროკავშირის მიერ საქართველოს სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს შეჩერების გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გამოეხმაურა. მინისტრი აღნიშნავს, რომ დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურებოდა და გაუგებარია, მისი გაყინვის გადაწყვეტილება.

„ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ეს არის მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

ევროკავშირის დახმარების შეჩერება შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მიზეზად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღება, ასევე, მისი რიტორიკა და სხვა ქმედებები დაასახელა.

„ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ „არჩევანი თქვენია“ ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან!“ - დაწერა პრეზიდენტმა.

9 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე: „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 2024 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.

2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG