კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ღირსეულ გამოსვლას ულოცავს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, მწვრთნელებსა და საქართველოს მოქალაქეებს. მილოცვის ტექსტს პატრიარქ ილია მეორის სახელით საპატრიარქო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრების ჩემპიონატზე გამოსვლამ მთელი ქვეყანა მოიცვა და საქართველო მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოაჩინა.
"საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას.
ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ. გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი. ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები", - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით ჩამოვიდა, თუმცა თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი მათ ვერ შეხვდა. ფეხბურთელები VIP, ე.წ. სამთავრობო, გამოსასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს.
ფედერაციაში ამბობენ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებთან შეხვედრას შეძლებენ დღეს, საღამოს 10 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე. ამ ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.
სახელისუფლებო პარტია ღონისძიებაზე არ ეპატიჟება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც დღეს ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
ფორუმი