Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ფეხბურთელებს ღირსების ორდენით დღეს, 2 ივლისს, დააჯილდოებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევრო 2024-ზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან (მარცხნივ) და უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინთან (მარჯვნივ) ერთად
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევრო 2024-ზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან (მარცხნივ) და უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინთან (მარჯვნივ) ერთად

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს დღეს, 2 ივლისს, დააჯილდოებს. ადმინისტრაციის განცხადებაში დაზუსტებულია, რომ სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა ყველა წარდგენილ პირს.

„საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ წარადგინეს, რაც ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, პენალტების სერიაში დაამარცხეს საბერძნეთი და ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.

კობახიძე-პაპუაშვილის მიერ წარდგენილი 53-კაციანი სიიდან, თავდაპირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულთა შორის არ იყო 13 ადამიანი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალის რამდენიმე წარმომადგენელი), თუმცა ღირსების ორდენი გადაეცა ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. რამდენიმე ადამიანის გამოტოვების გამო, პრეზიდენტს თბილისის მერმა კახა კალაძემ უსაყვედურა.

„განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები. კოლეგები და ადამიანები, ვინც მათთან ერთად იბრძოდა, წვლილი აქვს შეტანილი ამ გამარჯვებაში, გამოტოვა და დანარჩენს მისცა“, - თქვა კალაძემ.

კალაძის კომენტარის შემდეგ კი მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნაკრების წარმომადგენელთა დაყოფა მიუღებელია. „დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი“, - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გამოაქვეყნა მორიგი განცხადება, რომლის თანახმად, ყველა წარდგენილ პირს გადაეცემოდა სახელმწიფო ჯილდოები: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციის წარმომადგენლებს და პერსონალს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე და ჯგუფიდან გასვლაც შეძლო. ამ დროისთვის ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩად შეფასებულ შეხვედრაში, საქართველო თურქეთთან 1-3 დამარცხდა, თუმცა „ჯვაროსნებმა“ ჩეხეთთან ფრისა (1-1) და პორტუგალიის (2-0) დამარცხების შემდეგ, პლეი-ოფში გასვლა შეძლეს. მერვედფინალში საქართველო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ესპანეთთან, დამარცხდა (4-1) და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

„საქართველო ევრო 2024-ს ზღაპრული დღეების შემდეგ ტოვებს. სანიოლის ნაკრებმა მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა“, - ასე შეაფასეს BBC-ზე „ჯვაროსნების“ პირველი გამოსვლა დიდ სანაკრებო ტურნირზე.

საქართველოს ნაკრები თბილისში 2 ივლისს დაბრუნდა. ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გულშემატკივარს 2 ივლისის ღამით ექნება საშუალება მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს.

„2 ივლისს, 21:00 საათიდან, გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო 21:30 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე დაიწყება უშუალოდ ღონისძიება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG