Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია ლიდერობს


საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია ლიდერობს.
საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია ლიდერობს.

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული ერთობის“ (RN) პარტია ლიდერობს.

Ipsos-Talan-ის ეგზიტპოლის თანახმად, რომელსაც BBC ციტირებს, ლე პენის პარტიამ ხმების 34% მიიღო.

მეორე ადგილზე მემარცხენე გაერთიანება „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა, ხმების 28%-ით.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის Ensemble („ერთად“) მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და, ეგზიტპოლების თანახმად, 20,3% აქვს.

მარინ ლე პენმა ამომრჩეველს უკვე მიმართა და განაცხადა: „მაკრონის ბანაკი, პრაქტიკულად, განადგურებულია“.

მან ამომრჩეველს მოუწოდა, მომდევნო კვირას კვლავ წავიდნენ ხმის მისაცემად, რათა უმრავლესობა მოიპოვონ და პრემიერ-მინისტრი გახდეს პარტიის ლიდერი ჯორდან ბარდელა.

ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, მოუწოდა „რესპუბლიკელ და დემოკრატ“ ამომრჩევლებს, წავიდნენ მეორე ტურში და ხმა მისცენ.

კვირას, 30 ივნისს, საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს რვა საათზე დასრულდა.

არჩევნებზე აქტივობა უჩვეულოდ მაღალი იყო - ამდენი ამომრჩეველი ბოლო 40 წლის განმავლობაში არ წასულა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებზე.

კანდიდატები 577 ცალკეულ საარჩევნო ოლქში იბრძვიან. სწორედ ამდენი დეპუტატი აკომპლექტებს პარლამენტს.

ჯერ უცნობია, რამდენ ოლქში გაიმართება მეორე ტური და პირველ ტურში რამდენი დეპუტატის ვინაობა გაირკვა.

უმრავლესობის მოსაპოვებლად 289 მანდატია საჭირო.

მეორე ტური 7 ივლისს ჩატარდება.

არჩევნები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით დაინიშნა. რიგითი არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო.

გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის ცენტრისტული კოალიციის მიერ ხმების 15%-ზე ნაკლების მიღება.

ევროპარლამენტის არჩევნებში მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე პოპულისტმა მარინ ლე პენმა და მისმა „ეროვნულმა ერთობამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღეს.

ბევრმა ანალიტიკოსმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რისკიან ნაბიჯად მიიჩნია.

ანალიტიკოსების თანახმად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნით მაკრონი ფრანგებს ეკითხებოდა, სურთ თუ არა, რომ ქვეყანა ამ მიმართულებას დაადგეს, თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი შედეგი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG