ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოზე (FAC), სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის შესაძლო საპასუხო ზომები განიხილეს.
საქართველოს საკითხის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ევროკავშირში რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ ზომებს შეეწინააღმდეგა მხოლოდ ორი წევრი ქვეყანა - უნგრეთი და სლოვაკეთი.
ორივე ქვეყნის ლიდერებთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ახლო ურთიერთობები აქვს და ორივე ქვეყანა ნაკლებად კრიტიკულია საქართველოს მთავრობისადმი.
თუმცა დღეს საბჭოზე განხილული საპასუხო ზომების დასაწესებლად კონსენსუსი, ანუ 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, საჭირო არ არის.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ორშაბათ დილას განაცხადა, რომ საბჭოზე გაიმართება „საორიენტაციო დებატები“ საქართველოზე, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს არ მიიღებენ.
დღეს საღამოსვე იგი პრესკონფერენციას გამართავს.
დილას ჟოზეპ ბორელმა ჩამოთვალა რამდენიმე მოკლევადიანი ზომა საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ: უმაღლესი რანგის პირების ვიზიტების შემცირება, დახმარების, მათ შორის სამხედრო სფეროში დახმარების შეჩერება და ა.შ.
„ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა საბჭოს დაწყებამდე.
ფორუმი