Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ვიზიტის შემდეგ ვიეტნამმა აშშ-ს თავისი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა


ჰანოი. 12 იანვარი, 2023.
ჰანოი. 12 იანვარი, 2023.

ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუი ტჰან შონმა შეერთებულ შტატებს თავისი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

მინისტრმა ამის შესახებ განახადა აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, დენიელ კრიტენბრინკის ჰანოიში ვიზიტის დროს. ამერიკელი მოხელის ვიზიტი შედგა უშუალოდ მას შემდეგ, რაც ვიეტნამს ესტუმრა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრის ხელშეწყობისთვის, რომელიც მარტში გაიმართა ვაშინგტონში. მან დაადასტურა, რომ ვიეტნამი აშშ-ს კვლავაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს და მზად არის, ითანამშრომლოს მასთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილურობას, თანამშრომლობასა და განვითარებას რეგიონში და მთელს მსოფლიოში.

კრიტენბრინკმა თავის მხრივ თქვა, რომ აშშ დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელ და ძლიერ ვიეტნამს და თანამშრომლობდეს მასთან ნებისმიერ სფეროში: ვაჭრობიდან და ინვესტიციებიდან უსაფრთხოების სფერომდე. ვიეტნამისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კონკრეტული მიმართულებები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 20 ივნისს მოინახულა ვიეტნამი, სადაც ის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. როგორც კრემლი იტყობინება, ვიეტნამში პუტინი შეხვდა პრეზიდენტ ტო ლამს და რამდენიმე მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს. მათთან მან მოლაპარაკებები გამართა შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. ვიეტნამის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პუტინის ვიზიტის დროს ასევე სტრატეგიული უწოდეს ვიეტნამსა და რუსეთს შორის პარტნიორობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG