Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა და რუსეთი სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მთავარი ვალდებულებაა ურთიერთდახმარება აგრესიის შემთხვევაში


ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი ხელშეკრულების ხელმომწერი ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობას.

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს გამოუცხადა სრული მხარდაჭერა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ამოცანების შესასრულებლად და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების დასაცავად.

კიმ ჩენ ინის თქმით, სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ხორციელდება "სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“. კიმმა ასევე მაღალი შეფასება მისცა რუსეთის როლს "მსოფლიოში სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნებაში.“

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება, 19 ივნისს განაცხადა, რომ „დიდად აფასებენ“ ამ ქვეყნის და მისი ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერას, მათ შორის „უკრაინის მიმართულებით“.

რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ორი წლის წინ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომს, რომელსაც უკრაინის ბევრი ქალაქისა და სოფლის ნგრევა და ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა.

ჩრდილოეთი კორეა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. პუტინი ჩრდილოეთ კორეას მეორედ სტუმრობს. პირველად რუსეთის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულზე 2000 წელს ჩავიდა.

  • ამჟამინდელი სტუმრობა 24 წლის მანძილზე პუტინის პირველი ვიზიტია კომუნისტურ კორეაში. მისი შეხვედრები ფხენიანის ხელმძღვანელობასთან რუსეთში იმართებოდა.
  • პუტინი ჩრდილოეთ კორეიდან ვიეტნამში გაემგზავრება. მას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG