უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მხოლოდ ერთ მოდელს ხედავს - ეს უნდა იყოს სამმხრივი შეთანხმება შუამავლების მეშვეობით, როგორიც მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით დაიდო.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ ზელენსკი ესაუბრა გამოცემა The Philadelphia Inquirer-ის ჟურნალისტს.
„ეს მოდელი პირველად გამოიყენეს მარცვლეულის დერეფნის მაგალითზე, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებდა არა რუსეთთან, არამედ გაეროსთან და თურქეთთან. მათ, თავის მხრივ, აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენთან მოლაპარაკებაზე, შემდეგ კი ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გამოცემის ჟურნალისტთან ინტერვიუში ზელენსკი ომში მხარეების დანაკარგებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცთა თანაფარდობა რუსებთან არის 1:6-თან. რუსეთის რიგებში მსხვერპლი, ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო თვეებში ხარკოვისა და პოკროვსკის მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლების შედეგად.
ზელენსკის ეს სტატისტიკა წინააღმდეგობაში მოდის მაისის თვეში მის მიერვე დასახელებულ თანაფარდობასთან.
მაისის ბოლოს, აზიის მედიასაშუალებებთან ინტერვიუს დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევის მცდელობის დროს რუსეთის არმიის დანაკარგები ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე რვა რუს ჯარისკაცს შეადგენს.
ფორუმი