Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში აცხადებენ, რომ აზოვში ნავთობის რეზერვუარებზე შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო


როსტოვის ოლქში ნავთობპროდუქტების რეზერვუარებზე დრონებით შეტევა 18 ივნისს განხორციელდა. 
როსტოვის ოლქში ნავთობპროდუქტების რეზერვუარებზე დრონებით შეტევა 18 ივნისს განხორციელდა. 

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვზე დრონებით შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ BBC-ს უკრაინული სამსახური წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

კიდევ ერთ მედიასაშუალებას, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ დღეს, 18 ივნისს, როსტოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ნავთობის ბაზებს, სადაც, საერთო ჯამში, 22 რეზერვუარია. წყაროს თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც გამოიყენებს „დრონების სანქციებს“ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის წინააღმდეგ, რათა მტერს შეუმციროს ომის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური პოტენციალი.

როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის რაიონში აფეთქებები გამთენიისას მოხდა. რეგიონის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში".

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG