16 ივნისს ისრაელის სამხედროებმა გამოაცხადეს "ტაქტიკური პაუზა" ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, რათა მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილი რაოდენობის მიწოდება.
არმიამ განაცხადა, რომ პაუზა - საბრძოლო იერიშის შეწყვეტა - რაფაჰის რაიონში დილის 8 საათზე დაიწყება და ძალაში იქნება საღამოს 7 საათამდე.
არსებული განცხადებით, პაუზა გაკეთდება ყოველდღე, შემდგომ ცნობამდე. სამხედროების თქმით, ამ პაუზის მიზანია, საშუალება მიეცეს ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს, მიაღწიონ უახლოეს, კერემ შალომის სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტამდე, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს და რომელიც ღაზაში შემავალი დახმარების მთავარ გამშვებ პუნქტს წარმოადგენს. ის ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოდ მოძრაობისთვის სალაჰ-ად-დინის გზატკეცილზე, ჩრდილოეთის სამხრეთთან დამაკავშირებელ მთავარ გზაზე, ღაზის სხვა რაიონებისთვის ტვირთის მიწოდების მიზნით.
2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა მოძრაობა ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულად მიჩნეულმა ორგანიზაციამ) ისრაელზე იერიში მიიტანა. ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა. ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი.
ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე დაიღუპა 36 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
ფორუმი