Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ


ზუკა ბერძენიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი
ზუკა ბერძენიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, აქტივისტი სალომე ბარკერი თავის ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელშიც ჩანს სახეგასისხლიანებული ზურა ბერძენიშვილი.

სალომე ბარკერის პოსტის მიხედვით, შემთხვევა დღეს დილით ბერძენიშვილის სახლთან მოხდა.

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს სალომე ბარკერი.

ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.

დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, და "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია" უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ.

"აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.

შალვა პაპუაშვილი ფესბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს მოძრაობა "სირცხვილიას" დამფუძნებლებს სალომე ბარკერსა და ზურა ბერძენიშვილსაც.

"ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")",- წერს პაპუაშვილი.

მოგვიანებით ზუკა ბერძენიშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთ თავში სროლითაც დაემუქრა.

"შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა. ვაი თქვენს პატრონს ბიჯებო. ყველა შენახული მყავხართ",- წერს ზუკა ბერძენიშვილი.

ამასთან გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს.
7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს.

გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არც ერთი პირი.

ამასთან მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.

პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG