Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დახვდი კობახიძეს" - თსუ-სთან აქცია დასრულდა


აქცია თსუ-ს მეორე კორპუსთან. 8 ივნისი, 2024 წელი.
აქცია თსუ-ს მეორე კორპუსთან. 8 ივნისი, 2024 წელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან დასრულდა ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც „აგენტების კანონის“ დამაზიანებელი შედეგების გარდა, ძალადობასა და ხელისუფლების განცხადებებს აპროტესტებდნენ.

პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტში ისე შევიდა და შემდეგ, შენობა ისე დატოვა, რომ აქციის მონაწილეებს ის არ უნახავთ.

„იმიტომ ვარ მოსული, რომ გუშინ ვუყურე, როგორ სასტიკად და ლაჩრულად სცემეს ლექციიდან გამოსული სტუდენტი - დასისხლიანებული და 40 წუთი როგორ დასჭირდა პოლიციას აქ მოსასვლელად, რომელიც სულ აქ ტრიალებს ხოლმე და როგორ არ არიან ის ადამიანები ჯერ ნაპოვნი, რომლებიც მთელი სახით ჩანან ამ კადრებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნანა დიხამინჯიამ. მისი პროტესტის კიდევ ერთი მიზეზია ირაკლი კობახიძის გამონათქვამები „რომლითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თავისუფლებას და ავტონომიას ერჩის, როდესაც აცხადებს, რომ პროფესორთა დიდი ნაწილი შერჩეულია პოლიტიკური ნიშნით“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლის, გელა ხასაიას თქმით, აქციაზე მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თანამებრძოლის, აქტივისტი სტუდენტის - ნიკო მანაგაძის ცემის შესახებ შეიტყო.

„[მოვედი] სოლიდარობის გამო და იმის გამო, რომ მათ ასე უბრალოდ არ შერჩეთ ფიზიკური ძალადობა ადამიანებზე და მათ შორის სტუდენტებზე, რაც გუშინ გააკეთეს... მათი მთავარი მოტივაცია იყო, რომ დღეს ეს ხმაური არ ყოფილიყო და კობახიძე მშვიდად შესულიყო და გამოსულიყო ლექციაზე და ზუსტად ამ მიზეზების გამო ვდგავარ აქ და სათქმელი გვაქვს ერთადერთი - რაც არ უნდა გააკეთონ, როგორც არ უნდა იძალადონ ადამიანებზე, ჩვენ ხვალინდელი დღისთვის ვიბრძვით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა ხასაიამ.

„მონა“, „წადი“, „მოღალატე“ - ისმოდა შეძახილები აქციაზე, სადაც მცირე ხმაური მოჰყვა ახალგაზრდა კაცის დაპირისპირებას აქციის მონაწილეებთან, რომლებსაც ის „აგენტების კანონის“ წაკითხვისკენ მოუწოდებდა. ახალგაზრდა კაცი პოლიციამ ადგილიდან განარიდა.

„დახვდი კობახიძეს“ - აქციები თითქმის ყოველ შაბათს იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძის შაბათის ლექციები ტარდება. ამ აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, აქტივისტ ნიკო მანაგაძეს, 7 ივნისს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს და სცემეს.

ნაცემი და დასისხლიანებული სტუდენტის ვიდეო თსუ-ს ლექტორმა, მაგდა მემანიშვილმა ფეისბუკზე 7 ივნისს გაავრცელა. ვიდეოში ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ მინიმუმ ორი ადამიანი დაესხა თავს ზურგიდან, თუმცა არ დაუნახავს - მუშტებს ურტყამდნენ თუ სხვა რაიმე საგნებს.

თსუ- პირველი კორპუსის ეზოდან ლექციიდან გამოვდიოდი, ზებრასთან ვიდექი, უკვე გზაზე გადმოვდიოდი და უკნიდან ვიგრძენი. შემდეგ მეც შევუბრუნე ხელი, ვცდილობდი თავდაცვას. შემდეგ მოვიდა მეორე, მესამე, მეოთხე, ალყაში ვიყავი, აღარც მახსოვს... სახეზეც არ მახსოვს ეგ ხალხი იმიტომ, რომ როგორც კი მივბრუნდი, მაშინვე სახის მიმართულებით, გამიზნულად, პირდაპირ თავში მოდიოდა...“, - ჰყვება ნიკო მანაგაძე, რომელსაც კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა და 8 ივნისს აქციაზე არ იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძის ლექციებთან დაკავშირებული აქციების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ხშირია ძალადობა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებსაც პროტესტის მონაწილეები „ტიტუშკებს“ უწოდებენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ჯგუფები არიან ჩართული პროცესებში, როდესაც ადამიანების დიდ ნაწილს ტელეფონზე ურეკავენ, ემუქრებიან და ასევე, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით ხვდებიან სახლთან. ამ ქმედებებისთვის არავინ დასჯილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG