Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი პროვოკაციულს უწოდებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბოლოს მოსკოვში შეხვდა უკრაინაში ომის დაწყებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, 2022 წლის 7 თებერვალს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბოლოს მოსკოვში შეხვდა უკრაინაში ომის დაწყებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, 2022 წლის 7 თებერვალს.

კრემლი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ადანაშაულებს პროვოკაციულ განცხადებებსა და ევროპაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაში.

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომელიც პეტერბურგში მონაწილეობს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, დღეს, 7 ივნისს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაკრონი გამოხატავს „კიევის რეჟიმის აბსოლუტურ მხარდაჭერას“ და „მზადყოფნას კონფლიქტში საფრანგეთის პირდაპირი მონაწილეობისთვის“. პესკოვის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი, დიდი ევროპული სახელმწიფოა, რუსეთი მსგავს განცხადებებს მიიჩნევს „ძალიან, ძალიან პროვოკაციულად“, რაც კონტინენტზე დაძაბულობას ამწვავებს და „ხელს არ უწყობს არაფერს პოზიტიურს“.

6 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემენ ავიაგამანადგურებლებს, Mirage-2000-5-ს და უკრაინელ პილოტებს გაწვრთნიან.

მანამდე მაკრონმა დასავლეთის ლიდერებს შორის ერთ-ერთმა პირველმა თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს პარტნიორებისგან მიღებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შეტევის უფლება. საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის აღშფოთება გამოიწვია არაერთი განცხადებითაც, რომლებიც ეხებოდა უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას.

როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს, დღეს ჟურნალისტებმა კრემლის პრესმდივან პესკოვს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა რუსეთმა გასცეს საფრანგეთის ობიექტებზე დარტყმის უფლება, გამომდინარე იმ განცხადებიდან, რომელიც ამ კვირაში გააკეთა პრეზიდენტმა პუტინმა. „პრეზიდენტმა თქვა ის, რაც თქვა“, - იყო პესკოვის პასუხი. მან ჟურნალისტებს ურჩია, კიდევ ერთხელ მოუსმინონ, რა თქვა პუტინმა, რადგან პრეზიდენტმა ამ შეკითხვას უკვე უპასუხა.

5 ივნისს პრეზიდენტმა პუტინმა პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რადგან დასავლეთის ქვეყნები უკრაინას აძლევენ იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიას უტევენ, იფიქრებენ „ასიმეტრიულ პასუხზე" და ანალოგიური კლასის იარაღის მიწოდებაზე მსოფლიოს იმ რეგიონებისთვის, საიდანაც დაარტყამენ „მგრძნობიარე ობიექტებს" იმ სახელმწიფოებში, რომლებიც რუსეთის მიმართ მსგავს ქმედებას სჩადიან. პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ რეგიონებს გულისხმობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG