Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ვარაუდობენ, რომ „კუბოების აქციის“ უკან რუსეთი დგას


საილუსტრაციო ფოტო. ფრანგი პოლიციელები პარიზის ეიფელის კოშკთან
საილუსტრაციო ფოტო. ფრანგი პოლიციელები პარიზის ეიფელის კოშკთან

საფრანგეთის პოლიცია იძიებს პარიზში მომხდარ ინციდენტს, რომელიც შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს ორგანიზებული.

1 ივნისს ეიფელის კოშკთან სატვირთო ავტომანქანით მიიტანეს და დადგეს ხუთი კუბო საფრანგეთის დროშებით და წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში”. კუბოები თაბაშირით იყო სავსე. სააგენტო AFP და გამოცემა Le Monde გამომძიებლებზე დაყრდნობით წერენ, რომ სულ უფრო მეტი გარემოება მიუთითებს „უცხოეთიდან ჩარევაზე".

პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა და მისი მგზავრები, გერმანიის და უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა კაცები, რომლებმაც მძღოლის თანახმად, კუბოების ტრანსპორტირება სთხოვეს. ფრანგული მედიის ცნობით, დაკითხვისას სამივემ განაცხადა, რომ უმუშევრები არიან და ფული სჭირდებოდათ. მძღოლმა 120 ევრო მიიღო, დანარჩენებმა კი 400-400. ვისგან მიიღეს ამ პირებმა დავალება, ჯერჯერობით უცნობია.

სააგენტო AFP პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ „კუბოების აქცია" შესაძლოა, შეფასდეს ფსიქოლოგიურ ძალადობად, რაც ისჯება სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ან 45 ათასი ევროს ჯარიმით.

ფრანგული მედიასაშუალებები პოლიციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს კონტაქტი ჰქონდა ბულგარეთის კიდევ ერთ მოქალაქესთან, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზში, ჰოლოკოსტის მემორიალის წაბილწვასთან კავშირში. მაისის შუა რიცხვებში მემორიალზე გაჩნდა პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად მიჩნეული წითლად შეღებილი ხელისგულები. პოლიცია ვარაუდობს, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა საფრანგეთი მალევე დატოვეს.

ფრანგი გამომძიებლების ერთ-ერთი ვერსიით, როგორც ამ, ისე „კუბოების ინციდენტთან” კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს, რომელთა მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის აქტიურმა მხარდამჭერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დასავლეთის ლიდერებს შორის ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს პარტნიორებისგან მიღებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შეტევის უფლება. მაკრონმა რუსეთის აღშფოთება გამოიწვია არაერთი განცხადებითაც, რომლებიც ეხებოდა უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „აგენტსტვო”, რომელიც კრემლის მიერ „უცხოეთის აგენტადაა” გამოცხადებული, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პარიზში „კუბოების აქცია” აქტიურად გააშუქეს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა და ტელეგრამ-არხებმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG