Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეული“ მხარს უჭერს ბაიდენის გეგმას ღაზაში ომის დასასრულებლად


„დიდი შვიდეულის“ წევრები არიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ
„დიდი შვიდეულის“ წევრები არიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ

„დიდი შვიდეული“(G7) სრულად უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, გაზრდილი ჰუმანიტარული დახმარებით ღაზის მთელი ტერიტორიის მოცვას და კრიზისის საბოლოოდ დასრულებას ისრაელის უსაფრთხოების ინტერესების დაცვით და ღაზის სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით.

ერთობლივი განცხადება 3 ივნისს გამოაქვეყნა „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, იტალიის წარმომადგენლობამ. გაერთიანების წევრი სახელმწიფოების: კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის ლიდერები ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ მდგრადი მშვიდობის მიღწევას ორი სახელმწიფოს(ისრაელის და პალესტინის) თანაარსებობის საფუძველზე.

G7-ის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ისრაელი მზად არის ბაიდენის გეგმით ნაბიჯების გადასადგმელად და ჰამასს მოუწოდებენ, მიიღოს ეს სამშვიდობო გეგმა. „დიდი შვიდეული“ ჰამასზე გავლენის მქონე ქვეყნებს მიმართავს, დაარწმუნონ ამ ნაბიჯის აუცილებლობაში.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აქვს სამეტაპიანი გეგმა ღაზაში ომის დასასრულებლად და მძევლების გასათავისუფლებლად.

პირველი ფაზა ითვალისწინებს ექვსი კვირით ცეცხლის შეწყვეტას და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის არმიის ქვედანაყოფების გასვლას, ჰამასის მძევლობიდან ქალების, მოხუცების და დაჭრილების გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზის რაიონებში სამოქალაქო მოსახლეობის დაბრუნებას, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას და შეერთებული შტატების და კატარის შუამავლობით ისრაელის და ჰამასის მოლაპარაკების გაგრძელებას.

მეორე ფაზა მოიცავს ყველა დარჩენილი მძევლის, მათ შორის ისრაელის არმიის სამხედროების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიიდან ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას და საბრძოლო მოქმედებების საბოლოოდ შეწყვეტას. მესამე ფაზა ითვალისწინებს დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნებას და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმის ამოქმედებას.

  • 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ.
  • ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა.
  • ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
  • 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული.
  • ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით დაიღუპა 36 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG