„ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს შეეხება.
ხაზარაძე ღარიბაშვილს „პირწავარდნილ კორუმპირებულს“, „ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდს“ და „ბიძინასთან ერთად ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორს“ უწოდებს.
„თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემი უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი - სხვანაირი ქვეყანა“, - დაწერა მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი რამდენიმე წლის წინ „რუსულმა ოცნებამ ვერაგული განზრახვით დაბლოკა“, რადგან პუტინს არ სურდა პორტი დასავლურ კომპანიებს აეშენებინათ და სწორედ ამიტომ აძლევენ პროექტს ჩინურ კომპანიას, "რომელიც მხილებულია კორუფციაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და პროექტების ჩაგდებაში".
„გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო შენ და დანარჩენებს ჩვენი ხალხი და მომავალი გაგცემთ მკაცრ პასუხს“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
2 ივნისს, თელავში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძემ „ჩააგდო“ და „ვერ ააშენა".
"ხუთი თუ ექვსი წელი გავიდა, ელოდა სახელმწიფო და ვერ მოიტანა ვერც დაფინანსება. როგორც ვიცი, ჩემი ინფორმაციით, თავად სამი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, სხვებს ჩაადებინა, დაღუპა ინვესტორები - თუ არ ვცდები, 20 მილიონი დოლარი... სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა. ამის შემდეგ, კაცი წავიდა და დღეს ქვეყანას ედავება მილიარდ 500 მილიონ დოლარს", - თქვა ღარიბაშვილმა ხაზარაძეზე და დაამატა, რომ ის „ძარცვავდა მოსახლეობას მაღალი პროცენტებით, ბინებს ართმევდა“.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ინტერესი არ გამოავლინეს დასავლურმა კომპანიებმა, ხოლო „ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტში“.
2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
2020 წელს სახელმწიფომ კონტრაქტი გაუუქმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლება 2016 წლის თებერვალში მიიღო. კონტრაქტის გაუქმების მიზეზად დასახელდა კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა. თავად კონსორციუმი კი დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა, რომ მთავრობა მიზანმიმართულად აფრთხობდა დასავლელ პარტნიორებს და პროექტის ჩაშლას ცდილობდა.
ამავე კონტექსტში მამუკა ხაზარაძე იხსენებდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს: "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!"
მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული “TBC ჰოლდინგი” „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერი იყო.
ვიდრე კონტრაქტი გაუქმდებოდა, პორტის მშენებლობაში ინვესტირებული იყო 75 მლნ დოლარი. ამ თანხიდან, დამფუძნებლების განცხადებით, მათი დანახარჯი 40 მლნ დოლარს შეადგენდა.
ფორუმი