რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დღეს, 30 მაისს, სარაკეტო შეტევა იყო ყირიმზე. კონკრეტულად რომელ რაიონში და რა იყო სამიზნე, სამინისტრო არ ასახელებს, თუმცა ირწმუნება, რომ აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე „კიევის რეჟიმს“ გაუნადგურეს რვა ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ი, შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის სანაპიროსთან გზად დაიჭირეს რვა უპილოტო საფრენი აპარატი და გაანადგურეს ორი უეკიპაჟო კატერიც. უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ამ ცნობამდე რამდენიმე საათით ადრე, ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ აფეთქებები იყო ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში. ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მტერმა“ რაკეტებით შეუტია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
ანექსირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრმა ნიკოლაი ლუკაშენკომ გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ერთი საავტომობილო და ერთი სარკინიგზო ბორანი. ლუკაშენკოს თანახმად, მეზღვაურებს და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის. რამდენიმე საათით დაკეტილი იყო ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი.
ქალაქი ქერჩი მდებარეობს ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელი ქერჩის სრუტის ნაპირზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის მიხედვით, დრონებით შეტევა იყო ყირიმთან მოსაზღვრე კრასნოდარის მხარეზეც, სადაც ხუთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის თანახმად, ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა ელექტროქვესადგური დააზიანა.
დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
ფორუმი