Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეკულაციაა, რომ საბანკო სექტორს არტყამს - ნათია თურნავა აშშ-დან მოსალოდნელ სანქციებზე


ნათია თურნავა - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ნათია თურნავა - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, სპეკულაციაა იმაზე ლაპარაკი, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს. ამის შესახებ მან ისაუბრა პარლამენტის ფინანსური კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც 2023 წლის ანგარიშს წარადგენდა.

23 მაისს საქართველოს პარტნიორი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც „აგენტების კანონს“ შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც, შეზღუდვებს დაუწესებენ „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან. შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც.

„არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება... სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ნუ ეცდებიან სპეკულაციას - ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს. ეს არის სპეკულაცია - საუბარი იყო სამოგზაურო სანქციებზე, არანაირი ბმა არ არის.

თეორიულად, რომც მოხდეს გარკვეული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს არის ინდივიდუალური „ქეისი“, რომელზეც გვაქვს გამოცდილება, ბანკებთან ერთად განვიხილავთ და გავდივართ რეაგირების ჩარჩოს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი - დოლართან, ევროსთან და 40-ზე მეტ სხვა ვალუტასთან მიმართებით „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებიდან რამდენიმე საათში გაუფასურდა. ლარის კურსის შესანარჩუნებლად 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

ნათია თურნავამ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში იკავებდა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას, დეპუტატებს უთხრა, რომ „საჭირო შემთხვევაში“ ბანკი დოლარს კვლავ გაყიდის.

გასული წლის სექტემბერში, როცა აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“ დაუწესა სანქციები და შეუზღუდა „აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება“, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის არგუმენტები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG