Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს სწორი მიმართულებით ქვეყნის წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯებისკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატები მხარდაჭერას უდასტურებს საქართველოს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ გზაზე სწორი ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბლინკენმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით საქართველოს ხალხს ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე უსურვა. სახელმწიფო მდივანი წერს აშშ-ის ურყევ ერთგულებაზე, რომელიც 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში აჩვენა საქართველოს დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მიმართ. ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ძლიერ მხარდაჭერაზე.

ბლინკენის განცხადებით, აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის და დემოკრატიის გაძლიერების და რუსული აგრესიის შეკავების ძალისხმევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისადმი.

სახელმწიფო მდივნის თანახმად, საქართველოს ხალხისთვის გასული თორმეტი თვე მნიშვნელოვანი იყო. მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ისტორიული მიღწევა. ბლინკენის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად იქცეს. აშშ განაგრძობს ევროატლანტიკური მომავლისადმი საქართველოს ხალხის მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას და ქვეყნის ლიდერებს მოუწოდებს, სწორი მიმართულებით საქართველოს წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგან.

სახელმწიფო მდივანი ადასტურებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას, საქართველოს დაეხმაროს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატიის მშენებლობაში, რომლისკენაც ისწრაფვის საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა და რომელსაც ისინი იმსახურებენ.

23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის" კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას ამ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG