Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევა იყო


უკრაინის ქალაქი სევასტოპოლი 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.
უკრაინის ქალაქი სევასტოპოლი 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.

გამთენიისას აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ მასირებული სარაკეტო შეტევის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

მოგვიანებით რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა „უკრნაცისტების შეტევა მოიგერიეს" და რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ბელბეკის სამხედრო აეროდრომის რაიონში. რაზვოჟაევის თანახმად, ერთ-ერთი რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა საცხოვრებელ რაიონში, სადაც, ე.წ. გუბერნატორის მტკიცებით, არავინ დაშავებულა.

ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბელბეკის რაიონში ხანძარია.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში საავტომობილო ტრანსპორტისთვის დაკეტილი იყო ყირიმის ხიდი. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა, თუმცა, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევას.

განახლება: დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე უკრაინელებს „გაუნადგურეს“ 10 ამერიკული ტაქტიკური რაკეტა ATACMS.

სხვა წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია. უკრაინას სევასტოპოლზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით და რაკეტებით პერიოდულად უტევენ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებს. მათ შორის ბელბეკის აეროდრომს, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 38-ე საავიაციო პოლკი. 2023 წლის სექტემბერში სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG