ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ აცხადებენ, რომ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმზე გადადიან.
„ამ რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა“, - განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
„ჩვენ 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში“, - თქვა მან.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში - „როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია.“
„ვფიქრობთ, რომ პარლამენტში მუშაობის რესურსი აღარ არსებობს და ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომლითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ“, - თქვა ნაცვლიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებას გააცნობენ „საბოლოო გეგმას“, „თუ როგორ ვაპირებთ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას“.
რამდენიმე წუთის წინ, ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ფორუმი