Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული სააგენტოს ცნობით, თავდაცვის სამინისტროში კიდევ ერთი გენერალი დააკავეს


ფოტო არქივიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი
ფოტო არქივიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი

მოსკოვში დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით.

სააგენტომ ინფორმაცია შუაღამის შემდეგ, 14 მაისს გაავრცელა. მისი წყარო არ აკონკრეტებს სისხლის სამართლის რომელ დანაშაულშია ეჭვმიტანილი რუსი გენერალი, რომლის სამუშაო კაბინეტსა და სახლში ჩხრეკაც ჩატარდა.

იური კუზნეცოვის საქმეს იძიებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო სამმართველო, რომელმაც სასამართლოს უკვე მიმართა გენერლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

გენერალ-ლეიტენანტი კუზნეცოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსად 2023 წლის მაისში დანიშნეს. მანამდე, 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის მერვე სამმართველოს, რომლის კომპეტენციაშია თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა.

იური კუზნეცოვი ბოლო სამ კვირაში დაკავებული მეორე გენერალია. 23 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დააკავეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ტიმურ ივანოვი, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. მეორე დღეს მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ გენერალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივანოვი სამხედრო-სამშენებლო კომპლექსს კურირებდა.

რუსეთის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩეულად გამოცხადებულმა ვლადიმირ პუტინმა, 7 მაისს გამართული ინაუგურაციიდან ხუთ დღეში თავდაცვის მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სერგეი შოიგუ, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა, თავდაცვის მინისტრად კი ფედერაციის საბჭოს წარუდგინა პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG