საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში 13 მაისიდან ამოქმედდება - სწორედ ამ დროს განახლდება კომიტეტში "აგენტების კანონის" განხილვა.
უსაფრთხოების "ყვითელი დონის" გააქტიურებისას პარლამენტში მუშაობის საშუალება არ ეძლევათ ონლაინმედიის ჟურნალისტებს, ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში ვერ შედიან რადიო თავისუფლების აკრედიტებული ჟურნალისტებიც.
"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც არ არის დაზუსტებული, როდემდე იმოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი. 2024 წლის გაზაფხულზე პარლამენტი "აგენტების კანონს" სწორედ ამ განსაკუთრებულ რეჟიმში განიხილავს.
13 მაისს "აგენტების კანონის" იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვაა დაგეგმილი, პლენარულ სხდომაზე მისი გატანა და, სავარაუდოდ, კენჭისყრაც 14 მაისს გაიმართება.
სადავო კანონპროექტის განხილვის წინ, 12 მაისის 22 საათიდან, "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეები პარლამენტთან შეკრებას და საკანონმდებლო ორგანოსთან ღამის გათენებას აპირებენ. მათი გეგმაა, პროტესტით შეხვდნენ ორშაბათს დაანონსებულ საკომიტეტო მოსმენას. იურიდიული კომიტეტის სხდომა 13 მაისს, დილის 9 საათზეა დანიშნული.
ფორუმი