Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიზანი იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება - პაპუაშვილი ონლაინმედიის ჟურნალისტების პარლამენტში არდაშვებაზე


პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანო ჩაიკეტა ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანო ჩაიკეტა ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სატელევიზიო მედიის ჟურნალისტებთან კომენტარში განმარტა, "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად რატომ ჩაიკეტა საკანონმდებლო ორგანოს კარი ონლაინმედიის ჟურნალისტებისთვის. 15 აპრილის შემდეგ პარლამენტში მოქმედებს უსაფრთხოების "ყვითელი დონე", რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეზღუდულია ვიზიტორების შესვლა და იქ მიმდინარე პროცესებს მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები აშუქებენ.

„ონლაინგამოცემების ჟურნალისტების რაოდენობა რამდენიმე ათეულია და ყველა ჟურნალისტი შემოდიოდა აქ, რომ პროტესტი გამოეხატა. გასაგებია მათი პროტესტი - შეუძლიათ გარეთ, საჯაროდ გამოხატონ თავისი პროტესტი, რაც შეეხება შიგნით შემოსვლას და აქ პროტესტის გამოხატვას, ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. აკრედიტაცია გაქვთ, რათა განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა, ხოლო ბოროტად სარგებლობა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ, შედიხარ შენობაში, რომელმაც შემოგიშვა იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელო და მოქალაქეებს უამბო რა ხდება პარლამენტში და ნაცვლად ამისა მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს. ამისთვის არ არის აკრედიტაცია“, - უთხრა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი პარლამენტში გამოხატავს პროტესტს ან დააფიქსირებს თავის სამოქალაქო პოზიციას, ეს შეიძლება თუ არა გახდეს საბაბი იმისთვის, რომ პარლამენტმა ყველა სხვა ტელევიზიის წარმომადგენლების დაშვება შეზღუდოს საკანონმდებლო ორგანოში, პაპუაშვილმა თქვა, რომ უსაფრთხოების ზომები სწორედ იმ რისკების პრევენციისთვის მოქმედებს, რაც შეიძლება შექმნას წესების დამრღვევი ჟურნალისტებისა და ვიზიტორების აქტივობებმა პარლამენტში.

„340 ჟურნალისტია აკრედიტებული საქართველოს პარლამენტში, აქედან 290 არის ტელემედიის, 17 ტელევიზიის წარმომადგენელი. შესაბამისად, ამ რეგულაციით, რომელიც დღესაც არსებობს, 17 ტელევიზიის 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება ონლაინმედიას, ბიუროს სხდომა რომ იყო, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა. გაშალა პლაკატი. გუშინ ზუსტად ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა. [...] ამისთვის არ არის [აკრედიტაცია]“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მან დააზუსტა ისიც, რამდენჯერ იყო კონკრეტული ჟურნალისტი პარლამენტში ნამყოფი მას შემდეგ, რაც აკრედიტაცია მიიღო - მისი თქმით, ის სამჯერ არის სულ ნამყოფი და აქედან ორჯერ პროტესტის გამოსახატად.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო პარლამენტში შესვლას ვერ ახერხებენ რადიო თავისუფლების აკრედიტებული ჟურნალისტებიც კი - ჩვეულებრივ რეჟიმში პარლამენტში მოხვედრა მედიისთვის დროებითი საშვითაც არის შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG