„საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია“, - ამ სათაურით ავრცელებს განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი.
პირველი მაისით დათარიღებული განცხადებით იგი გმობს „უცხოეთის აგენტების“ კანონს, ასევე გმობს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და ჟურნალისტების მიმართ და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო არასტაბილურ გზაზე დააყენა.
„შეერთებული შტატები გმობს კრემლისგან შთაგონებულ „უცხოეთის გავლენის“ კანონს, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტში წინ წაიწია, და ცრუ ნარატივს, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები მის გასამართლებლად ავრცელებენ. მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონის მიზანია, გააჩუმოს კრიტიკული ხმა და გაანადგუროს საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის მაკონტროლებელი აუცილებელი მექანიზმია.
ამ კანონმა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო არასტაბილურ გზაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატოში წევრობას, და, ამრიგად, საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საქართველოში
უცხოეთიდან მიღებულ დახმარებას - რასაც ჩვენ 32 წლის განმავლობაში გავცემდით საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსეთის აგრესიის შეკავებისათვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად - ფუნდამენტურად უთხრის ძირს იმ ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან გვაქვს.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ, რომ მათი ხმა გაიგონონ. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ.
ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა უფლებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნება მისცენ არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“.
„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით. მეორე მოსმენით კანონპროექტი პირველ მაისს მიიღეს. დარჩა მესამე, საბოლოო მოსმენა.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და „წიწაკის სპრეი“.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
ფორუმი