Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმხილველები: პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს იყენებს


თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზთან, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლთან ერთად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანან ადამიანები რეზინის ტყვიისგან მიღებული ჭრილობებით, მათ ნაწილს სხვა დემონსტრანტები უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას, ნაწილს სასწრაფო დახმარების ექიმები.

რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს ადასტურებს აქციაზე მყოფი არაერთი ადამიანი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება მისი გამოყენების შესახებ არ გაუვრცელებია. რეზინის ტყვიით დაშავებულებს შორის არის პარტია "გირჩის" წევრი, ცოტნე კობერიძეც.

რადიო თავისუფლება უწყების პრესსამსახურში ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კუთხის მხარეს პარლამენტის ეზოში მყოფმა პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ წლის ჭავლის, ცეცხლმაქრი ქაფისა და "წიწაკის სპრეის" გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 22:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა საპოლიციო სპეციალური საშუალება: "წიწაკის სპრეი", ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ დახშულია კომუნიკაციებიც - ტელეფონის და ინტერნეტის სიგნალი სუსტია, თითქმის შეუძლებელია პირდაპირი ეთერის ჩასართავად საჭირო ტექნიკის გამოყენებაც.

თბილისში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ უწყვეტი მრავალრიცხოვანი პროტესტის მორიგი აქცია მიმდინარეობს.

დღეს, საღამოს 8 საათისთვის პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო „აგენტების კანონი“. დარჩა მესამე, ფინალური მოსმენა - თარიღი ჯერ დაუზუსტებელია.

პლენარული სესიის პარალელურად საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო. თავდაპირველად პოლიცია პარლამენტის ზედა და ქვედა შესასვლელებთან გამაგრდა.

9-ის ნახევრისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ დატოვეს პარლამენტის შენობა, ხოლო პოლიციამ „სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“.

პოლიციელები ახლა მხოლოდ პარლამენტის შიდა ეზოს ტერიტორიაზე არიან გამაგრებულები. ამას გარდა, მათი ნაწილი მობილიზებულია პუშკინის სკვერში, თავისუფლების მოედანზე.

განახლება: სათაურს დაემატა სიტყვა "თვითმხილველები". შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბრიფინგის შემდეგ. ალექსანდრე დარახველიძემ არ დაადასტურა პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG