საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, არ მიესალმა საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს, გააკრიტიკა მისი გამოსვლის შინაარსი და თქვა, რომ „ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს პასუხს“.
„ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, - განაცხადა პრემიერმა.
მანამდე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში“ და "იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა“.
გუშინ, 29 აპრილს, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ თბილისში, პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის, რომლისთვისაც „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.
ივანიშვილის განმარტებით, „აგენტების“ და „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონპროექტების ინიციირებისთვის დრო „იდეალურად არის შერჩეული“ და ერთ-ერთი მიზანია, „აგენტურას“ ძალები გამოაცალოს შემოდგომის არჩევნებისთვის - „ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების“ კიდევ ერთი მცდელობის მოლოდინში.
სახელისუფლებო პარტიას, მთავრობასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის არსებული დაპირისპირება გამოჩნდა გასული წლის მარტში, როცა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ ევროპული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თბილისში მოსკოვის "მესიჯებს" იმეორებენ.
მოგვიანებით ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამართვის გამო მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო - სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.