Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ პროგრესი არ იქნა ან იქნა უკუსვლა, იმოქმედებს საერთო მიდგომაზე - ევროკომისიის პრესსპიკერი


ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო კვლავ საუბრობს „აგენტების კანონზე“.
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო კვლავ საუბრობს „აგენტების კანონზე“.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება საქართველოს დააშორებს ევროკავშირისგან.

29 აპრილს ჟურნალისტის კითხვაზე, „გააკეთებთ თუ არა რაიმეს, რათა მტკიცედ უბიძგოთ ხელისუფლებას, გაიწვიოს 'რუსული კანონი' და მხარი დაუჭიროთ მოსახლეობას, რომელიც ათ დღეზე მეტია, ქუჩაში აპროტესტებს ამ კანონს“, პიტერ სტანომ განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ [ქართველ] ხალხს. ევროკავშირის საბჭოს, - წევრი ქვეყნების, - გადაწყვეტილება, მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის, აირეკლავდა იმ უდიდეს მონდომებას, რაც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია ევროპული ღირებულებებისადმი, და მათ ცხად სურვილს, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, - და არა დაშორდნენ მას, როგორც ამ კანონის მიღება მიანიშნებს“.

პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ასევე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ „კანონის მიღება საქართველოს აშორებს გაცხადებულ მიზანს, დაუახლოვდეს ევროკავშირს“.

მისი თქმით, ეს საკითხი გასულ ორშაბათს განიხილეს ლუქსემბურგში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე, და მოგვიანებით ჟოზეპ ბორელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამის შესახებ.

„ძალიან ცხადად განვაცხადეთ, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მოლოდინებს და როდესაც საბოლოოდ მიიღებენ, ამ კანონს შეუძლია, შეასრულოს საქართველოს ამბიციის - დაუახლოვდეს ევროკავშირს, - საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა სტანომ.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის თქმითვე, ბრიუსელი ესაუბრება საქართველოს მთავრობასა და პარლამენტარებს, რათა „ცხადად გააგებინოს, თუ რატომ არის ეს აქცია პრობლემური და რა იქნება უარყოფითი შედეგები“.

„პირველ რიგში, როგორ იმოქმედებს ეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, და, მეორეც, რა შედეგები ექნება [კანონის საბოლოოდ მიღებას] საქართველოს გაცხადებულ გზაზე, წინ წაიწიოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე“, - ამბობს იგი.

პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკომისია მუშაობს გაფართოების ანგარიშზე, რომელიც შემოდგომისთვის გამოქვეყნდება, და ანგარიში ამ ყველაფერს ასახავს.

„როგორც ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, თუკი ცალკეულ საკითხებზე პროგრესი არ იქნა ან თუ უკუსვლა იქნა, ეს გავლენას იქონიებს საერთო მიდგომაზე, საერთო პროგრესზე“, - განაცხადა მან.

25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.

რეზოლუცია, რომელსაც არასავალდებულო ხასიათი აქვს, ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება.

29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავენ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად.

პარლამენტის პლენარული სესია 30 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა, 15 წუთით ადრე კი ბიუროს სხდომა გაიმართება. სწორედ იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეიტანონ თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში.

XS
SM
MD
LG