პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. შეწყალების აქტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 აპრილს გამოსცა.
გათავისუფლებულ ლაზარე გრიგორიადისს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები დახვდნენ. მან პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან და შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„ბრძოლა გრძელდება, აქციები არის და აქციებზე შევხვდებით“, - დაამატა მან. თქვა, რომ დღეს, 24 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დანიშნულ აქციაზე მივა. გრიგორიადისი არ ნანობს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. ლაზარე გრიგორიადისმა ასევე აღნიშნა: „რუსული კანონი ჩვენს დემოკრატიას უთხრის ფსკერს და არ შეიძლება ასეთი კანონების მიღება“.
გრიგორიადისი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ მის საქმეზე პოლიტიზებული განაჩენი გამოიტანა.
ლაზარე გრიოგორიადისმა, რომელმაც ციხეში ერთ წელზე მეტი გაატარა, თქვა, რომ ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა უჭირდა.
მოგვიანებით, ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არის "კომუნიკაცია ჰქონდეს" სალომე ზურაბიშვილთან: „მინდა მადლობის გადახდა პირადად. რვა წელი გავისროლეთ, ასე გამოვიდა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.
აქამდე პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო ვერ გამოსცემდა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის ქრონოლოგია:
- აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.
- 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- 8 აპრილს სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა გრიგორიადისს გირაოს გამოყენებაზე და პატიმრობაში დატოვა.
- 26 ივნისს გრიგორიადისის ადვოკატებმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გრიგორიადისი ითხოვდა ხელისუფლების წარმომადგენლების მადისკრედიტებელი განცხადებებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
- 2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს ორი წლის წინანდელ დანაშაულზე წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გრიგორიადისმა მამა - ბექა გრიგორიადისი - დაჭრა.
- 22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პოლიციელების წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სთხოვდნენ, არ შეეწყალებინა ლაზარე გრიგორიადისი.
- 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 8 აპრილამდე მოსამართლე ზვიად შარაძემ სამჯერ გადადო დასკვნითი სასამართლო სხდომა.
- 2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ დანაშაულებზე სასჯელის უმაღლესი ზომა 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
- ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადება დროში დაემთხვა „აგენტების კანონის“ ხელახალ ინიციირებას, - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე. 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ასევე მძლავრი სამოქალაქო პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონის“ მცირედით შეცვლილი რედაქცია.