ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშს მინიმუმ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი. ამის შესახებ შაბათს განაცხადეს რაფაჰში მდებარე საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის თანახმად, ისრაელმა წუხელ განახორციელა დარტყმა რაფაჰში მდებარე საცხოვრებელ სახლზე. ექვსი ბავშვის, ორი ქალისა და ერთი მამაკაცის გვამები მიიტანეს აბუ იუსეფ ალ-ნაჯარის საავადმყოფოში, როგორც ამას საავადმყოფოს ჩანაწერები მოწმობს.
როგორც დაღუპულთა ნათესავებმა უთხრეს Associatied Press შაბათს, ისრაელმა დაბომბა სახლი, რომელშიც ადგილნაცვალი პირები იმყოფებოდნენ, ძირითადად ქალები და ბავშვები.
რაფაჰში, რომელიც ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს, ამჟამად ღაზის სექტორის მთელი მოსახლეობის - 2,3 მილიონის - ნახევარზე მეტი იმყოფება. მათმა უმრავლესობამ საომარი მოქმედებების გამო დატოვა სახლები სხვა რაიონებში და სექტორის სამხრეთს მიაშურა.
მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ისრაელის უახლოესი მოკავშირის, აშშ-ის მოწოდებებისა თავშეკავებისკენ, ისრაელის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში აცხადებს, რომ რაფაჰზე სახმელეთო იერიშის დაწყებას აპირებს. მისი თქმით, ქალაქს ჰამასის მრავალი მეომარი აფარებს თავს.
სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ისრაელის სამხედროებმა ავიადარტყმები განახორციელეს ქალაქსა და მის გარეუბნებზე.
ისრაელი მეშვიდე თვეა აგრძელებს ღაზის სექტორზე იერიშს. ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული) სამხრეთ ისრაელში თავდასხმა განახორციელა და დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი. 240-მდე მძევლად წაიყვანა ღაზაში. მათი ნაწილი ჯერ კიდევ ტყვეობაშია. ვარაუდობენ, რომ ნაწილი ცოცხალი აღარაა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ისრაელის იერიშების შედეგად შარშან შემოდგომიდან დღემდე დაღუპულია 34 ათასი ადამიანი. მათ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.