Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა რუსულ კანონს" - დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს და გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს


"არა რუსულ კანონს" - აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალთან ფიცს დებენ. 19 აპრილი, 2024 წელი.
"არა რუსულ კანონს" - აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალთან ფიცს დებენ. 19 აპრილი, 2024 წელი.

19 აპრილს კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც ფიცი დადეს გმირთა მემორიალთან. გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, მარჯვენა სანაპირო, გმირთა მოედანი.

"არა რუსულ კანონს" - აქცია-მსვლელობა თბილისში. 19 აპრილი, 2024 წელი
"არა რუსულ კანონს" - აქცია-მსვლელობა თბილისში. 19 აპრილი, 2024 წელი

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მოქალაქეები 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის შემდეგ, მალევე, მსვლელობით დაიძრნენ იუსტიციის სახლის მიმართულებით. მსვლელობის დროს ისმოდა საქართველოს ჰიმნი და შეძახილები: „სად მივდივართ? - ევროპაში“, „ვისია საქართველო? - ჩვენია“.

"არა რუსულ კანონს" - აქცია-მსვლელობა თბილისში. 19 აპრილი, 2024 წელი
"არა რუსულ კანონს" - აქცია-მსვლელობა თბილისში. 19 აპრილი, 2024 წელი

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლიდან გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს. ფიცის ტექსტი მათ ერთად წაიკითხეს:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი, მათი სულების წინაშე, ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.

ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“

აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალთან ფიცს დებენ. 19 აპრილი, 2024 წელი
აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალთან ფიცს დებენ. 19 აპრილი, 2024 წელი

აქციის ბირთვს წარმოადგენენ სტუდენტები. მათ მსვლელობა პარლამენტთან დაასრულეს, სადაც ყოველდღიური საპროტესტო აქციები დააანონსეს.

„აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - „ხალხის ძალიდან“ და ერთმა - „ევროპელი სოციალისტებიდან“.

პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს შვიდი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა. ეს რიგით მესამე აქცია იყო „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა „აგენტების კანონპროექტს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

XS
SM
MD
LG