Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი "აგენტების კანონზე" ამბობს, რომ "ურბილესია"


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამი რადიოკომპანიისთვის: „Спутник-ის", "Говорит Москва-სა" და "Комсомольская правда-სთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ინიციირებული „აგენტების კანონი“ „ურბილესია".

"საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ურბილესია. ხოლო თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში, არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ შენ ფულს იღებ და მათზე არ ჰყვები და ამ ფულით რაღაც ისეთს აკეთებ", - განაცხადა რუსეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

ლავროვმა თქვა იგივე, რასაც ამბობენ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომ კანონპროექტი მხოლოდ თანხების დეკლარირებას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს.

სერგეი ლავროვს ადრეც გაუკრიტიკებია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი პოზიციების გამო. ლავროვს ყოფილ კოლეგაზე ნათქვამი აქვს, რომ „მადლობა ღმერთს, ის [ზურაბიშვილი] არ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზებს“.

რაც შეეხება "აგენტების კანონს", რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის კვალდაკვალ, მას მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

დუმის სპიკერის სიტყვებით, „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის გარშემო ატეხილი ისტერიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ „ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობის შესახებ და ამისთვის ფული უკვე გამოყოფილია, ხოლო კანონის მიღებას შეუძლია, ეს გეგმა ჩაშალოს“.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში, პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან, მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

XS
SM
MD
LG