Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სარაკეტო დარტყმას უარყოფენ და რამდენიმე დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან


ისრაელმა ირანზე საპასუხო შეტევის ვარიანტების განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 13-14 აპრილს ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა რაკეტებით და დრონებით.
ისრაელმა ირანზე საპასუხო შეტევის ვარიანტების განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 13-14 აპრილს ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა რაკეტებით და დრონებით.

ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა იყო. ისლამური რესპუბლიკის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოსეინ დალირიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

დღეს, 19 აპრილს დილით, ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო FARS-ი იუწყებოდა, რომ სამი აფეთქება მოხდა ქალაქ ისპაანის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში.

ამ რაიონში მდებარეობს ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაც. ამერიკული ტელეკომპანიების, CBS-ის და ABC-ს ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ისრაელის არმია ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ისპაანის პროვინციაში მდებარეობს ირანის ზოგიერთი ბირთვული ობიექტიც. ირანული სააგენტო Tasnim-ი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ინციდენტები არ ყოფილა.

ტელეკომპანია CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ 18 აპრილს ისრაელმა შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ უახლოეს დღეებში ირანის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს. წყაროს თანახმად, აშშ ამას მხარს არ უჭერდა.

13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.

ირანმა ისრაელზე თავდასხმას უწოდა პასუხი სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.

ირანის თავდასხმის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება განიხილავდა, რა მასშტაბის პასუხი უნდა გაეცა ისლამური რესპუბლიკისთვის და როდის.

ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.

ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს, რომლის წინააღმდეგ ისრაელი ომს აწარმოებს 2023 წლის ოქტომბრიდან.

XS
SM
MD
LG