Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილზე თავდასხმის საქმის მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო


ალეკო ელისაშვილი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი
ალეკო ელისაშვილი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემის საქმის მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა“, - ამბობენ უწყებაში.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველებმა მას „გამეტებით სცემეს“. პოლიტიკოსს ძალადობის კვალი ეტყობა სახესა და სხეულზე.

„უშუალოდ ვაჟა სირაძის [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი] მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია. ამ დროს წავიქეცი და იქ დაგდებულს გვირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში, გადამიყვანეს წერეთელზე, შსს-ს დიდუბის განყოფილებაში. იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო. მოვედი კლინიკაში, ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი. ბრძოლით „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც“ მოვიპოვე“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

XS
SM
MD
LG