ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების დანაყოფ „ახმატის“ მეთაური და რამზან კადიროვის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, გენერალი აპტი ალაუდინოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და პოლიტიკური მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ამის შესახებ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ალაუდინოვი გათავისუფლდება უკრაინის ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული მეორე საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დანიშვნის შემდეგ, ალაუდინოვი გააგრძელებს სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაურობას.
- ჩეჩნეთში კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსები ადრე აცხადებდნენ, რომ აპტი ალაუდინოვი უკრაინაში ომში წავიდა "დანაშაულის გამოსყიდვის მისიით“. იგულისხმება ის, რომ მას 2019 წელს კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებდნენ. ალაუდინოვმა უარყო ყველა ბრალდება და გაავრცელა მიმართვა, რომელშიც იმუქრებოდა, რომ „იპოვიდა და გაუსწორდებოდა მათ, ვინც მასზე ასეთ ბინძურ ჭორებს ავრცელებდა.“
- აპტი ალაუდინოვი იმ პირთა სიაში შედის, რომლებსაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს. იგი ითვლება თანამონაწილედ ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნაში. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სწორედ ალაუდინოვი დანიშნა რამზან კადიროვმა ლუგანსკის მიმართულებაზე ოპერაციის პასუხისმგებლად.
- გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი ერთ-ერთი მთავარია იმ ჩეჩენ მოხელეთა შორის, რომლებიც კადიროვის დავალებით გუდერმესის ბაზაზე ჩეჩენ „მოხალისეთა“ სწრაფ მომზადებას და მათ უკრაინაში გადასროლას ხელმძღვანელობენ.
- 2022 წლის 25 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ალაუდინოვი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დაადანაშაულა. კიევის ცნობით, მიმდინარე წლის მარტ-აპრილში ალაუდინოვმა უშუალო მონაწილეობა მიიღო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და პირადად ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის" ქმედებებს რუბეჟნოეში, კრემენნაიასა და სევეროდონეცკში.