საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 აპრილს განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, რომელიც მდინარე სენაზეა დაგეგმილი, შესაძლოა არ შედგეს და ის სტად დე ფრანსის სტადიონზე გაიმართოს, თუკი გადაწყვეტენ, რომ დიდია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
საფრანგეთში უსაფრთხოების მკაცრ ზომებს იღებენ მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელსაც წელს პარიზი მასპინძლობს. საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება ასევე პარაოლიმპიური თამაშებიც. როგორც ორგანიზატორები ვარაუდობენ, ორივე ღონისძიება მილიონობით სტუმარს მიიზიდავს საფრანგეთში.
უსაფრთხოების თაობაზე შიშები განსაკუთრებით დიდია გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით. თავდაპირველი გეგმით, ის მდინარე სენაზე, ნავებზე უნდა გაიმართოს. მაყურებლებმა მდინარის ნაპირებიდან უნდა ადევნონ თვალი 6-კილომეტრიან აღლუმს.