საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, ე.წ. აგენტების კანონის პარლამენტში ხელახალი ინიციირებისთვის. მან რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერავინ დაემუქრება ქვეყნის დამოუკიდებლობას.
„ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. დღეს, ხვალ და ზეგ ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში, ვერასდროს გაიმარჯვებს...
არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება. ალბათ - იქნება. აქ მთავარია ვიცოდეთ, რა გვინდა - გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს. საქართველოს არჩევანია ან დამოუკიდებლობა, ან დამონება. ან ევროპა, ან რუსეთი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.
წელს, 9 აპრილს, 35 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.