გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წარმომადგენელი დეპუტატი უარყოფს ბრალდებებს, რომელთა თანახმად, იგი დაკავშირებულია რუსეთის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ კამპანიებთან.
პეტრ ბისტრონი 4 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში, რომელიც პარტიის ლიდერებისადმია განკუთვნილი, ამბობს, რომ "არასოდეს... მიუღია თანხები ან კრიპტოვალუტა ['ევროპის ხმის'] წარმომადგენლისგან ან რუსისგან".
"ევროპის ხმა" არის პრორუსული პროპაგანდისტული პლატფორმა, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებთან აქვს კავშირი.
ჩეხეთში გამომავალი გაზეთი Denik N-ი სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბისტრონი ეჭვმიტანილია "ევროპის ხმასთან" კონტაქტში და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ დეპუტატმა, შესაძლოა, ფული აიღო.