საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 25 მარტს განაცხადა, რომ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" (IS) ის ფილიალი, რომელმაც გასულ პარასკევს მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა, მანამდე საფრანგეთში ცდილობდა ტერაქტების მოწყობას.
საუბარია "ისლამური სახელმწიფოს" (IS) ერთ-ერთ ფილიალზე, რომელსაც “ხორასანი” ჰქვია.
ემანუელ მაკრონს სხვა დეტალებზე არაფერი უთქვამს. ბოლო პერიოდში საფრანგეთში ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილების შესახებ საჯარო ცნობები არ გავრცელებულა. თუმცა შაბათს, მოსკოვის ოლქში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის ხარისხი მაქსიმალურად გაიზარდა. გადაწყვეტილება თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთში ტერაქტი ISIS-ის მიერ იყო ორგანიზებული, გააფრთხილა მოსკოვი, რომ არ შეეცადოს დაუდასტურებლად დააკისროს პასუხისმგებლობა უკრაინას „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს ემანუელ მაკრონზე დაყრდნობით, პარიზმა მოსკოვს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე "გაძლიერებული თანამშრომლობა" შესთავაზა.
22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა სულ მცირე 137 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.
კრემლმა განაცხადა, რომ რადგან ჯერ გამოძიება გრძელდება, არ გააკეთებს კომენტარს „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაზე, რომ ის კისრულობს პასუხისმგებლობას „კროკუს სიტი ჰოლზე“თავდასხმისთვის.