Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები მოსამართლეთა კონფერენციამდე ერთი დღით ადრე მოსამართლეებს მიმართავენ


საილუსტრაციო ფოტო: საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა
საილუსტრაციო ფოტო: საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 24 მარტს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია მიზნად ისახავს ე.წ. ვეტინგის თავიდან აცილებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა.

ევროკავშირში მოსამართლეების შემოწმების ეს მეთოდი ვეტინგის (Vetting) სახელითაა ცნობილი. მართალია, ეს ტერმინი საქართველოს შესახებ რეკომენდაციებში ნახსენები არაა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ ჩანაწერს ვეტინგი დაარქვეს.

24 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ კვირას, 24 მარტს დაგეგმილ კონფერენციაზე „მოსამართლეები, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, შეეცდებიან, კონფერენციის მონაწილე სხვა მოსამართლეების ზურგს უკან ამოფარებით, თავი დააღწიონ კეთილსინდისიერების ტესტის გავლას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ:

„არსებული ინფორმაციით, კლანი გეგმავს, წარადგინოს მიმართვის პროექტი და მოიპოვოს მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა მათი კეთილსინდისიერების შემოწმების თავიდან ასაცილებლად, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან.

საქართველო ვალდებულია, განახორციელოს მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც ასევე მოიცავს სასამართლო სისტემაში მხოლოდ წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირებისა და მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმის შექმნას. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას სასწრაფოდ შეემუშავებინა ევროკომისიის ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესრულების გეგმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხი „დახურულად“ გამოაცხადეს.

ევროკავშირმა 2024 წლის 22 მარტის საგანგებო განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად, საქართველოსგან ელიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესამოწმებელი საგანგებო სისტემის შექმნას, რომელშიც გადამწყვეტი როლი ექნებათ საერთაშორისო ექსპერტებს“.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის იდეას, ხელისუფლების ლიდერებთან ერთად, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სასამართლო სისტემაში „გაბატონებული გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფიც, რომელთა კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დგას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“.

„სავარაუდოდ, სწორედ ამ ჯგუფის მოთხოვნით გაავრცელა 11 მარტს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა განცხადება, რომელშიც მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება „ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურად“ იქნა გამოცხადებული“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ მოსამართლეთა კონფერენციას, არ დაუშვან, რომ „კლანმა მოსამართლეთა კორპუსი ევროკავშირისკენ საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად გამოიყენოს“.

კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი დროებითი იქნება და სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხება. ესენი არიან:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
  • სასამართლოს თავმჯდომარეები.

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ მონაცემებით, ასეთი სულ 60 მოსამართლეა.

XS
SM
MD
LG