საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ „დეზინფორმაცია“ უწოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ პარიზი სავარაუდოდ ემზადება საფრანგეთის დაახლოებით ათასი ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნისთვის.
„ეს არის რუსეთის მიერ მასობრივი დეზინფორმაციის სისტემატური გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი“, - აცხადებენ საფრანგეთის სამინისტროში.
მანამდე რუსეთის მედია ციტირებდა ნარიშკინის განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფრანგული კონტინგენტი „უკვე ემზადება უკრაინაში გასაგზავნად“ და რომ „საწყის ეტაპზე ეს იქნება დაახლოებით 2000 ადამიანი“. საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს ქვედანაყოფი „იქცევა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმების პრიორიტეტულ ლეგიტიმურ სამიზნედ“, „რაც იმას ნიშნავს, რომ მას ემუქრება ყველა ფრანგის ბედი, ვინც ოდესმე მახვილით მოსულა რუსული სამყაროს ტერიტორიაზე“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლახან არ გამორიცხა, რომ უკრაინაში გაიგზავნოს სამხედრო პერსონალი ნატოს ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან. მისმა სიტყვებმა ნატოს მოკავშირეებს შორის აქტიური დებატები გამოიწვია, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ განიხილავენ ასეთ შესაძლებლობას. მაკრონმა არაერთხელ განმარტა თავისი სიტყვები, კერძოდ, თქვა, რომ არ უნდა არსებობდეს ე.წ. „წითელი ხაზები“ უკრაინის მხარდასაჭერად და უნდა შენარჩუნდეს მანევრირების ადგილი. ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნაზე საუბარი არ არის და თუ მომავალში რაიმე კონტინგენტი გაიგზავნება, ის არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის ჯარების წინააღმდეგ შეტევაში.
ცნობები უახლოეს მომავალში ოდესაში 2000 ან 2500 ფრანგი ჯარისკაცის სავარაუდო გაგზავნის შესახებ გამოჩნდა რუსულ სამხედრო არხებზე სანდო წყაროების მითითების გარეშე.
ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინის მხარეზე ომში ბევრი ფრანგი დაქირავებული მებრძოლი მონაწილეობს და თითქოს ახლახან ათობით მათგანი დაიღუპა ხარკოვზე იერიშისას. ამის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. საფრანგეთში არ უარყოფენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შესაძლოა საფრანგეთის მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა იბრძოდეს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ეს მათი პირადი ინიციატივაა და ლაპარაკია არა დაქირავებულებზე, არამედ უკრაინის რეგულარული ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე.
ნარიშკინი, ისევე როგორც რუსეთის სპეცსამსახურების სხვა ხელმძღვანელები, ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომელთა მტკიცებულებებს შემდგომში ვერ პოულობენ.